Posts Tagged ‘ნოველა’

დღე მესამე – Para no estar solo

21.06.2010. /ორშაბათი

12:30

სასჯელის აღსრულებამდე რამდენიმე საათი რჩებოდა. ის მარტო იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში. ჭერისთვის მიეპყრო მზერა, წამებს ითვლიდა წარმოსახვით ციფერბლატზე…  არ ნანობდა? ვინ იცის…

ერთი… ორი… სამი…
არ გაჩერდა წამი…

საკნის კარი გაიღო და დაბალი, ღიპიანი ბადრაგი გამოჩნდა.

- რამეს ხო არ მოითხოვთ? უკანასკნელ თხოვნას შეგისრულებენ.
- ჩემი ლეპტოპი შემომიტანეთ, თუ შეიძლება, მუსიკის მოსმენა მინდა.
- ზედამხედველს გადავცემ.
- მღვდელი ხომ არ მოგიყვანოთ?
- მიშველის? – გაეღიმა.
- არ ვიცი, ცადეთ.
- მადლობა, არაა საჭირო.

ხუთი… ექვსი… შვიდი…
უცნაურად მშვიდი…

ლეპტოპი შემოუტანეს. ახლა ნარზე ზის. მოცარტის რექვიემს უსმენს… თვალები დახუჭული აქვს. ეტყობა მობეზრდა ჭერში წამების თვლა. “სიკვდილიმისჯილის ტვინი თურმე ახლადდაყენებულ ვინდოუსს გაქვს. სუფთაა ისეთ ზედმეტი პროცესებისგან, როგორიც სამომავლო გეგმების დაწყობაა”… ოხ ეს პროფესიული აზროვნება…იცინის…

კამიუს “უცხო” ახსენდება… “ისღა დამრჩენია,  სასჯელის აღსურლებისას ბევრი მაყურებელი ვინატრო, რომ ჩემი ზიზღიანი ღრიალი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს”. მას კი სულ სხვა განწყობა ჰქონდა. ოდნავ მელანქოლიური. რაზე დარდობდა? ვინ იცის… არა იმაზე, რაც ელოდა, ალბათ უფრო იმაზე, რომ არ ჰქონდა საბაბი მხიარულად ყოფნის. ინდიფერენტულობა კი იმ ნულს გაქვს, რომელიც უფრო მინუსისკენ იხრება.

14:00

ციხის ზედამხედველმა მოინახულა, სასჯელის აღსრულების მეთოდი უნდა შეეთანხმებინათ.

- თქვენ რომელს მირჩევთ? – ისე ჰკითხა, თითქოს მის წინ გამყიდველი გოგონა იდგა და შეყვარებულისთვის საჩუქრის არჩევაში ეხმარებოდა.
- ინტრავენული მოწამვლა ყველაზე უმტკივნეული პროცესია.
- თანხმა ვარ.  – დაუფიქრებლად უპასუხა.

რვა… ცხრა… ათი…
ფისო, მომე თათი…

ის გოგო გაახსენდა, ალუბალს რომ ჰგავდა და წესით, ვანილის გემო რომ უნდა ჰქონოდა. ესპანეთი მოაგონა მან. ცხელი ზაფხული… მშვიდი და პატარა რიო ჰერმოსო.  გოგონა ნაწვიმარ გუბურას ჩაშტერებოდა.  რამდენიმე წუთი უყურა, მერე კი ვერ მოითმინა და დამტვრეული ესპანურით ჰკითხა:

-          ¿Qué estás viendo en, siniorita? (რას უყურებთ?)
-          A mí mismo… para no estar solo (ჩემს თავს… მარტო რომ არ ვიყო)

ლექსიც კი დაწერა მაშინ:

ის იჯდა მარტო…
სახლთან კიბეზე…
გაშლილი თმებით…
შემოსაზღვრული
უხილავი
დამღლელი
ხმებით…

ის იჯდა მარტო…
გახელილი
თვალები ფართო
იტევდა ცრემლის
უნაზეს ნამებს..
ის არ იყო თუმც იმ წამს მარტო
მაინც
ჯიუტად
ითვლიდა
წამებს…

ის იდგა მარტო…
აივანზე,
კარებში…
ხის ქვეშ…
დასალიერში
დასაკარგში
ეძებდა მისფერს…

ეძებდა თვალით…
ეძებდა სუნით…
ეძებდა სმენით…
და მაინც გრძნობდა
მარტოობას
აუწერელს
კაცთ მოდგმის ენით…

ის არ იყო
თუმც იმ წამს მარტო…
ის არ იყო იმ წამს ეული…
მაინც უღრღნიდა
მოცინარ გოგოს

გულს
მარტოობის
გრძნობა
ჩვეული…

ის დადიოდა
დილის ქუჩებზე…
საღამოს ფერად
ირთავდა სახეს…
მუდამ ღიმილი
ჰქონდა ტუჩებზე…
თავაწეული
ვერ ამჩნევდა
დაგებულ მახეს…

ის იჯდა მარტო…
სახლთან კიბეზე…
გაშლილი თმებით…
და იკავებდა
ცრემლის ნამებს
თავისი ნაზი
უმაკიაჟო
წამწამებით…

ცრემლი მოადგა თვალზე… მაგრამ ეს არ იყო არც დანანება, არც შიში… ეს თბილი მოგონების ცრემლები იყო…

14:50

ისევ ბადრაგმა შემოაღო კარი. აცნობა, კიდევ ერთი საათი გაქვს და მოემზადეო. მეორედ შესთავაზა მღვდელს შემოგიყვანთო, მაგრამ ამჯერადაც უარი მიიღო.

ჯარეტი უკრავდა სიკვდილმისჯილთა საკანში. სულაც არ ჩქარობდა… კლავიშის კვნესა ავსებდა შეგუბებულ ჰაერს. „თუკი რეინკარნაციის შანსი მექნა, მე მუსიკად მოვალ…“.  იდეა მოეწონა, წარმოიდგინა კიდეც, როგორ გადაუვლიდა თავს სავსე დარბაზს, მივიდოდა თითოეულ მსმენელამდე და ყურის გავლით გულამდე ჩააღწევდა, ხელით შეეხებოდა მათ გრძნობებს.

ახალი ტანსაცმელი შემოუტანეს. სწრაფად გამოიცვალა,

15:50

ოთხი… სამი… ორი…
„საპატიო“ კორიდორი.

დერეფნის ორივე მხარეს ციხის ბადრაგი ჩამწკრივებულა. ყველა დაძაბულია. ნებისმიერი რამ არის მოსალოდნელი სიკვდილმისჯილისგან. თვითმკვლელობაც კი.

ის კი საოცრად მშვიდი ჩანდა… არც კი ღელავდა.  ცოტას ფიქრობდა… სულ ცოტას… მოგონებებში გადავარდნილი ახლაც რიო ჰერმოსოს ქუჩებში მიაბიჯებდა, ცხადად ხედავდა ძველებური სახლების აივანზე გამოფენილ ყვავილების ქოთნებს,  წიწაკის აცმებს…

ამ დროს ზედამხედველმა გამოაფხიზლა. დაბრძანდითო, ზრდილობიანად სთხოვა და სტომატოლოგის სკამის მსგავს მოწყობილობაზე მიუთითა. სასაცილოდ ჟღერს ზრდილობიანი „დაბრძანდით“ ასეთ დროს.

16:00

ის უკვე აღარ ითვლიდა წამებს…  იწვა და ჭერს უყურებდა. მის თავზე სარკე დაემაგრებინათ.  ხედავდა თავის გამოსახულებას,  „გამვხდარვარ“ – გაიფიქრა. ბოლო რაც დაინახა,  სევდიანი, ოდნავ მომღიმარი სახე იყო… ჭერის სარკეში.  ვენები უკვე ევსებოდა ცივი, უსიამოვნო სითხით.

ციხის დერეფანში საოცრად მელოდიურმა მუსიკამ გაიჟღერა… შემდეგ კი გაქრა.

***

ამ დროს „მაყურებელათა“ რიგებში უცნობი ქალი მოუსვენარი გამომეტყველებით ადევნებდა სასჯელის აღსრულების პროცესს თვალს.

- შეგიძლიათ, მითხრათ რა საწამლავი გაუკეთეს პატიმარს? – ჰკითხა მან გვერდით მჯდომ  ციხის ექიმს.
- სამის სახის საწამლავია, დაცული თანმიმდევრობით. პირველი Sodium Thiopental შეყავთ –  სწრაფი ანესთეტიკი. რამდენიმე წამის შემდეგ პიროვნება გონებას კარგავს. შემდეგ Pancuronium – ძლიერმოქმედი ნივთიერება კუნთების მოსადუნებლად,  ბოლოს კი Potassium Chloride, რომელიც გულს აჩერებს.
- მმ… გასაგებია… შეგიძლიათ მითხრათ, ჭერზე სარკე რატომ არის?
- სიკვდილმისჯილისთვის.
- ???
- Para no estar solo, seniorita… – თავისთვის ჩაილაპარაკა ექიმმა და დარბაზიდან გავიდა.

Tags: , ,

გამოღვიძება

ანუ როგორ მოხვდა ჰაკი კოსმოსში

ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომელსაც ასე გამალებით ვჩქმალავთ,
მაგრამ ხანდახან ხელიდან გვისხლტება და თავს გვარმთევს.

თავი პირველი

* * *

- გაწი, ქალო, შენი რეზინის ხელები… ვაიმე, ეს სად მოვხვდი,  რა სინათლეა?!… დედააააა… მცივაა… omg, შიშველი ვარ…

* * *

- გილოცავთ, მისის დერთ , ბიჭია და თან საკმაოდ ენერგიულიც. – ბებიაქალმა ბავშვი შეამშრალა და ჯერ კიდევ გაოგნებულ დედას ხელში შეაჩეჩა.
- როგორ ხარ პატარავ? – თბილად ჰკითხა მერიმ ჰაკს და პატარა ცხვირზე აკოცა.
- ვახ, დედა, შენ ხარ? მე არამიშავს… თავად? – მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ჯერ არავის ესმოდა მისი.

* * *


-
ნეტა, საიდან მეცნობა ეს ხმა?!  მგონი ისაა, სანამ მუცელში ვიყავი, რომ მელაპარაკებოდა, მაშინვე მივხვდი, ამას გარეკილი აქვს-თქო. – გაიფიქრა  და ყურებამდე გაღიმებულ სახეს ეჭვით დაუწყო თვალიერება.
- ჰაკი, ნახე ვინ მოვიდა ჩვენს სანახავად?! – დედამ ხელში აიტატა ბავშვი და „ბედნიერ“ კაცთან მიიყვანა.  - აბა, გამარჯობა უთხარი მამას.
- მამა? აუფ… დედა დაწმუნებული ხარ, რომ ესაა მამა? შეცვლის პონტი არაა? ჰა? არა?

* * *

სამი წლის ასაკში ჰაკი მიხვდა, რომ მამა „ცუდი პონტი“ არ არის. მას შემდეგ, რაც ახალ ენაადგმულს (არადა უკვე აზრიანად და გამართულად საუბრობდა) მხოლოდ მამამ დაუჯერა, რომ ბიჭუნას თავისი პირველი დღიდან მოყოლებული ყველაფერი ახსოვდა.  პირიქით კურტმა (კობეინმა არა, მამამისმა) დიქტოფონი უყიდა და ურჩია, თავისი მოგონებები ჩაეწერა. (წერა-კითხვა კი იცოდა, მაგრამ პატარა თითები ჰქონდა ჯერ და საწერკალამს ვერ ხმარობდა).

* * *

მაშ ასე…

ჩანაწერი ნომერი 1.

„მე ვარ ჰაკი, მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბავშვი. თუმცა რაღა ბავშვი, სამი წლის ვარ. ვკითხულობ, ვანგარიშობ მილიონის ფარგლებში (მეტი არ დამჭირვებია), მესმის კანტის, ჩემი აზრი მაქვს ჰეგელის თეორიებზე, შემიძლია ვიმსჯელო რენესანსის პერიოდის ევროპულ ფერწერაზე და თქვენ, წარმოიდგინეთ, იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ თავს უფლებას ვაძლევ, არ მომწონდეს ის, რაც ყველას მოსწონს.
~ მყავს დედა, მამა და თუთიყუში (სახელად კრეა).
~ სულით პაციფისტი ვარ. დიდი რომ ვიყო, ალბათ ჰიპი ვიქნებოდი.
~ ვუსმენ ყველანაირ მუსიკას, დედაჩემის პაპსასაც და მამაჩემის ჰარდ როკსაც. ყველაფერი არ მსიამოვნებს, მაგრამ ჯერ ~ მუსიკალურ ცენტრს ვერ ვწვდები რომ გამოვრთო ხოლმე.
~ ვერ ვიტან ბრაზილიურ სერიალებს. საკმაოდ რეალისტი ვარ და ალბათ მაგიტომაც.
~ არ მჯერა იმის, რომ წეროს მოყვანილი ვარ. კომბოსტოს ვერსიაზე ვხოხავ სიცილით, მაგრამ მაინც ვდილობ ეს არავინ შეამჩნიოს. ბავშვისთვის ამ საზოგადოებაში სექსუალური განათლების ქონა ზედმეტად უჩვეულოა.
~ ვლაპარაკობ სამ ენაზე, დანარჩენ ენებზე ჩემი სამეტყველო აპარატი ჯერ ვერ ქაჩავს.
~ არ ვარ მოდას აყოლილი, მაგრამ მაინც მყავს პირადი სტილისტი. ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს დედა.
~ არ ვოცნებობ ვარსკვლავობაზე.
~ არ ვაწყობ გეგმებს,  როგორც შევამჩნიე, აზრი არ აქვს.
~ მომწონს ჩემი ახალგაზრდა ძიძა და დიდი რომ ვიყო, ალბათ მაშინაც არ ვიტყოდი უარს მასთან მარტო დარჩენაზე.
~ არ მაქვს ხოლმე დეპრესია, არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელებს, არ ვეწევი.
~ ბევრს ვფიქრობ და ცოტას ვლაპარაკობ.
~ არ მყავს მტრები (იმიტომ, რომ ცოტას ვლაპარაკობ), არც ვინმეს ვმტრობ.
~ მომწონს საჩუქრები, მაგრამ არ მომწონს რასაც მჩუქნიან.
~ მინდა ფიზიკურადაც მალე გავიზარდო, რაც ავტომატურად გაზრდის ჩემი გონების სრულად თუ არა 80%-ით გამოყენების საშუალებას მაინც, მაგრამ ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. ( „საჭმელი ჭამე და მალე გაიზრდები“ ტრუხაა).
~ არ ვარ პესიმისტი, მაგრამ არც ოპტიპისტი ვარ. და საერთორ რაღაცისტობა და ვიღაცისტობა არ მიზიდავს.
~ არ მაქვს ფობიები, მაგრამ მაქვს ზომიერი შიშის გრძნობა.
~ ვითვალისწინებ თეორიებს, მაგრამ ვენდობი მხოლოდ ფაქტებს.
~ მძინავს დღე-ღამეში 12 საათი. (აი, ახლა ჩემი ძილის დროა).

ვინაიდან თეორიული შანსი იმისა, რომ სახლში ძიძასთან ან მშობლებთან მყოფი ბავშვის სიცოცხლეს რამე დაემუქრება დაახლოებით 0.01%-ია, ამიტომაც 99.99%-ით გპირდებით იმას, რომ მალე მეორე ჩანაწერსაც გავაკეთებ.

კარგად იყავით.

გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით.“

(გაგრძელება იქნება ( 99.99%-იანი შანსით) )

Tags: , , , , , ,