პალატა #7

2.07.2010

-         ექიმო, ვკვდები?!
-         რა სისუელელეა.
-         აქ ყველა სულელები ვართ, რამე ჭკვიანურს ნუ ელით ჩვენგან. და მაინც, მიპასუხეთ კითხვაზე, თუ შეიძლება.
-         ჯერ არა.
-         მალე?
-         არც ისე, მოასწრებთ კიდე რამდენიმე ექიმისთვის ნერვების მოწამვლას.
-         თქენ გწამლავთ?
-         ცდილობთ, მაგრამ ამაოდ. შრატს ვიკეთებ ყოველ დილით პროფილაქტიკისთვის.
-         მომწონს თქვენი წინდახედულობა.
-         რას იზამთ, რთული პროფესია გვაქვს.
-         ექიმო, რამდენი წლის ხართ?
-         თქვენთვის ზედმეტად ახალგაზრდა ვარ მისტერ.
-         არც მე ვარ მოხუცი, უბრალოდ ნაადრევად დავბერდი.
-         ყოჩაღ თქვენ. ზოგი დაბერებას ვერ ასწრებს.
-         თქვენ ბენჯამინ ბატონი არ გინახავთ.
-         ბატონი ვინ?
-         ბატონი გვარია ექიმო. ბენჯამინ ბატონი… რომელიც მოხუცი დაიბადა და ნელნელა ახალგაზრდავდებოდა.
-         ალბათ თქვენც გაახალგაზრდავდებით.
-         არა, მე ვეღარ…
-         არ ღირს მაგაზე დარდი.
-         დარდი და სინანული სხვადასხვა რამეა, მე უფრო სინანული მჭირს. გამოუყენებელი შანსების სინანული.
-         შანსი არასდროსაა 100%-იანი. ვინ იცის, რომ გეცადათ გამოყენება, რა შედეგს მიიღებდით.
-         მაოცებთ, ექიმო… ფილოსოფოსივით ლაპარაკობთ.
-         თქვენს ნალაპარაკევს ვიწერ ხოლმე ფურცელზე, პალატიდან რომ გავდივარ.
-         არ ღირს მაგაზე მელნის და ფურცლის ხარჯვა.
-         რა თავმდაბალი ხართ ხანდახან.
-         კი, იშვიათად…  ქედმაღლობის შემოტევა როცა არ მჭირს. არადა ჩემი ბრალი სულ არ არის, ამათგან გადამედება ხოლმე.
-         ხარი ხართან დააბიო, ხომ გაგიგიათ?
-         ეგ ბექჰემმა რომ თქვა, ისაა?
-         არა, იმან თქვა „იგი წავა და სხვა მოვა“-ო.
-         ნაკითხი ბრძანდებით…
-         თავაზიანი კომპლიმენტია საგიჟეთში გამომწყვდეული ადამიანისგან.
-         ჩვენ, გიჟები, ყოველთვის თავაზიანები ვართ, უბრალოდ ხანდახან, უცნაურად გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას კონკრეტული პერსონების მიმართ.
-         თქვენ მგონი გიჟი არ ხართ, მისტერ.
-         მაოცებს თქვენი პროფესიონალიზმი, ექიმო.
-         დამცინით?
-         არა, რას ბრძანებთ, სრული სერიოზულობით ვამბობ, რამდენადაც ეს ჩემს მდგომარეობაში მყოფი კაცისთვის არის შესაძლებელი.
-         ხო, თქვენ ფსიქიკური არამდგრადობა დაგიდგინდათ, როგორც ვიცი.
-         ნამდვილად. უბრალოდ მომბეზრდა მდგრადობა და სტაბილურობა.
-         სტაბილურობა სასიამოვნო დაცულობის შეგრძნებას იწვევს, არ მგონია, მოსაბეზრებელი იყოს.
-         გასათხოვარი ქალის სიტყვებია. გამოვიცანი?
-        როგორც ყოველთვის, მართალი ხართ.
-         ხოდა, ჩემი რჩევა იქნება, ნუ მოძებნით „ქმარში“ ამ სტაბილურობას. გიყვარდეთ… მიეცით ნება შეგიყვარონ… იცხოვრეთ ერთად… იყავით ბედნიერი…
-         „იცხოვრეთ ერთად“? მგონი ახალი სიმპტომები გაგიჩნდათ – პრობლემა რეალობის აღქმასთან. ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველოში ვართ?
-         ოჰ… მემგონი თქვენ ჩემზე დიდი ხანია აქ ხართ…  ცხოვრება ნელა, მაგრამ მაინც იცვლება. ცოტა უნდა მოწყდეთ სამუშაოს.
-         არ გამოდის, ხომ ვამბობ, რთული პროფესია მაქვსთქო.
-         ნანობთ?
-         ჯერ არა.
-         არჩევანი და საშუალება რომ გქონოდათ, რას გააკეთებდით ამის მაგივრად.
-         ალბათ საკუთარ კაფეს გავხსნიდი, პატარა მყუდრო საჩაიეს.
-         მაგას არ ჭირდება ფინანსები, ფეისბუქზე შეგიძლიათ, რესტორანი გააკეთოთ.
-         მაქვს.
-         ხახვი გამომიგზავნეთ მაშინ, თუ ზედმეტი გექნებათ.
-         წიწაკაში ვცვლი მხოლოდ.
-         სამართლიანი ბარტერია, თანახმა ვარ.
-         სამართლიანობა ფრიად სუბიექტური რამაა.
-         სუბიექტურობა ნიჭია, იყო რაღაცის მიმართ ობიექტური, ნიშნავს, არ გაინტერესებდეს ეს რაღაც. ინტერესი ავტომატურად ბადებს გრძნობას, დადებითს ან უარყოფითს. რაც უკვე სუბიექტურს გვხდის.
-         ექიმის ვალია იყოს ობიექტური.
-         ცდებით, ექიმის ვალია, იყოს მართალი საკუთარ თავთან და კანონთან.
-         ხანდახან ამ ორს შორის არჩევანის გაკეთება ჭირს.
-         ყოველთვის აირჩიეთ საკუთარი თავი. უკიდურეს შემთხვევაში ციხიდან გამოსვლის შემდეგ სინდისის ქენჯნა არ შეგაწუხებთ. ეს ყველაზე დიდი სასჯელია.
-         არც ციხის იდეაა მომხიბვლელი.
-         ადამიანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე უწევს არჩევნის კეთება. ამიტომ წინასწარ უნდა შეემზადოთ.
-         შემზადებას არ აქვს აზრი. გამოუცდელი რამ სრულად ვერასდროს დაემთხვევა წარმოდგენილს.
-         შოკის დონე შედარებით დაბალი იქნება სამაგიეროდ.
-         ხანდხან ეგ დონეც საკმარისია ამ შენობაში მოსახვედრად.
-         ხედავთ?! ყველა გზა რომში მიდის.
-         რომამდე ცოტა გვაკლია, ჯერ თავისუფლების მოედანი უნდა ჩამოყალიბდეს პატარა ქალაქ-სახელმწიფოდ და პაპი დავსვათ იქ.
-         პაპის პრობლემა არ იქნება მგონი. მარტო ორს მე პირადად ვიცნობ, მესამე და მერვე პალატებში არიან.
-         ცდებით, მესამე პალატაში კარდინალია და ელოდება როდის მოკვდება მერვე პალატის პაციენტი.

ექთანმა გოგონამ შემოირბინა. ექიმს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და გავიდა.

-         ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა დაგტოვოთ. ოცდამესამეში ერთი მსახიობის თეატრს უნდა დავესწრო, შეპირებული ვარ.
-         რას დგამს?
-         ჰამლეტს.
-         ხოხ… და ვის როლს თამაშობს თვითონ?
-         ოფელიას.
-         მაშინ ბოლო სცენა განსაკუთრებით ბუნებრივად გამოუვა. კარგით, აღარ დაგაყოვნებთ, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი ექიმო.
-         ჩემთვისაც. ისე გაგვიმართლა, რომ სტომატოლოგი არ ვარ, თორე ალბათ პირგაღებულს დიალოგში ჩაბმა გაგიჭირდებოდათ. – ეს თქვა, პაციენტს გაუღიმა და პალატის თეთრ, მასიურ კარებში გაუჩინარდა.

დღე მესამე – Para no estar solo

21.06.2010. /ორშაბათი

12:30

სასჯელის აღსრულებამდე რამდენიმე საათი რჩებოდა. ის მარტო იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში. ჭერისთვის მიეპყრო მზერა, წამებს ითვლიდა წარმოსახვით ციფერბლატზე…  არ ნანობდა? ვინ იცის…

ერთი… ორი… სამი…
არ გაჩერდა წამი…

საკნის კარი გაიღო და დაბალი, ღიპიანი ბადრაგი გამოჩნდა.

- რამეს ხო არ მოითხოვთ? უკანასკნელ თხოვნას შეგისრულებენ.
- ჩემი ლეპტოპი შემომიტანეთ, თუ შეიძლება, მუსიკის მოსმენა მინდა.
- ზედამხედველს გადავცემ.
- მღვდელი ხომ არ მოგიყვანოთ?
- მიშველის? – გაეღიმა.
- არ ვიცი, ცადეთ.
- მადლობა, არაა საჭირო.

ხუთი… ექვსი… შვიდი…
უცნაურად მშვიდი…

ლეპტოპი შემოუტანეს. ახლა ნარზე ზის. მოცარტის რექვიემს უსმენს… თვალები დახუჭული აქვს. ეტყობა მობეზრდა ჭერში წამების თვლა. “სიკვდილიმისჯილის ტვინი თურმე ახლადდაყენებულ ვინდოუსს გაქვს. სუფთაა ისეთ ზედმეტი პროცესებისგან, როგორიც სამომავლო გეგმების დაწყობაა”… ოხ ეს პროფესიული აზროვნება…იცინის…

კამიუს “უცხო” ახსენდება… “ისღა დამრჩენია,  სასჯელის აღსურლებისას ბევრი მაყურებელი ვინატრო, რომ ჩემი ზიზღიანი ღრიალი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს”. მას კი სულ სხვა განწყობა ჰქონდა. ოდნავ მელანქოლიური. რაზე დარდობდა? ვინ იცის… არა იმაზე, რაც ელოდა, ალბათ უფრო იმაზე, რომ არ ჰქონდა საბაბი მხიარულად ყოფნის. ინდიფერენტულობა კი იმ ნულს გაქვს, რომელიც უფრო მინუსისკენ იხრება.

14:00

ციხის ზედამხედველმა მოინახულა, სასჯელის აღსრულების მეთოდი უნდა შეეთანხმებინათ.

- თქვენ რომელს მირჩევთ? – ისე ჰკითხა, თითქოს მის წინ გამყიდველი გოგონა იდგა და შეყვარებულისთვის საჩუქრის არჩევაში ეხმარებოდა.
- ინტრავენული მოწამვლა ყველაზე უმტკივნეული პროცესია.
- თანხმა ვარ.  – დაუფიქრებლად უპასუხა.

რვა… ცხრა… ათი…
ფისო, მომე თათი…

ის გოგო გაახსენდა, ალუბალს რომ ჰგავდა და წესით, ვანილის გემო რომ უნდა ჰქონოდა. ესპანეთი მოაგონა მან. ცხელი ზაფხული… მშვიდი და პატარა რიო ჰერმოსო.  გოგონა ნაწვიმარ გუბურას ჩაშტერებოდა.  რამდენიმე წუთი უყურა, მერე კი ვერ მოითმინა და დამტვრეული ესპანურით ჰკითხა:

-          ¿Qué estás viendo en, siniorita? (რას უყურებთ?)
-          A mí mismo… para no estar solo (ჩემს თავს… მარტო რომ არ ვიყო)

ლექსიც კი დაწერა მაშინ:

ის იჯდა მარტო…
სახლთან კიბეზე…
გაშლილი თმებით…
შემოსაზღვრული
უხილავი
დამღლელი
ხმებით…

ის იჯდა მარტო…
გახელილი
თვალები ფართო
იტევდა ცრემლის
უნაზეს ნამებს..
ის არ იყო თუმც იმ წამს მარტო
მაინც
ჯიუტად
ითვლიდა
წამებს…

ის იდგა მარტო…
აივანზე,
კარებში…
ხის ქვეშ…
დასალიერში
დასაკარგში
ეძებდა მისფერს…

ეძებდა თვალით…
ეძებდა სუნით…
ეძებდა სმენით…
და მაინც გრძნობდა
მარტოობას
აუწერელს
კაცთ მოდგმის ენით…

ის არ იყო
თუმც იმ წამს მარტო…
ის არ იყო იმ წამს ეული…
მაინც უღრღნიდა
მოცინარ გოგოს

გულს
მარტოობის
გრძნობა
ჩვეული…

ის დადიოდა
დილის ქუჩებზე…
საღამოს ფერად
ირთავდა სახეს…
მუდამ ღიმილი
ჰქონდა ტუჩებზე…
თავაწეული
ვერ ამჩნევდა
დაგებულ მახეს…

ის იჯდა მარტო…
სახლთან კიბეზე…
გაშლილი თმებით…
და იკავებდა
ცრემლის ნამებს
თავისი ნაზი
უმაკიაჟო
წამწამებით…

ცრემლი მოადგა თვალზე… მაგრამ ეს არ იყო არც დანანება, არც შიში… ეს თბილი მოგონების ცრემლები იყო…

14:50

ისევ ბადრაგმა შემოაღო კარი. აცნობა, კიდევ ერთი საათი გაქვს და მოემზადეო. მეორედ შესთავაზა მღვდელს შემოგიყვანთო, მაგრამ ამჯერადაც უარი მიიღო.

ჯარეტი უკრავდა სიკვდილმისჯილთა საკანში. სულაც არ ჩქარობდა… კლავიშის კვნესა ავსებდა შეგუბებულ ჰაერს. „თუკი რეინკარნაციის შანსი მექნა, მე მუსიკად მოვალ…“.  იდეა მოეწონა, წარმოიდგინა კიდეც, როგორ გადაუვლიდა თავს სავსე დარბაზს, მივიდოდა თითოეულ მსმენელამდე და ყურის გავლით გულამდე ჩააღწევდა, ხელით შეეხებოდა მათ გრძნობებს.

ახალი ტანსაცმელი შემოუტანეს. სწრაფად გამოიცვალა,

15:50

ოთხი… სამი… ორი…
„საპატიო“ კორიდორი.

დერეფნის ორივე მხარეს ციხის ბადრაგი ჩამწკრივებულა. ყველა დაძაბულია. ნებისმიერი რამ არის მოსალოდნელი სიკვდილმისჯილისგან. თვითმკვლელობაც კი.

ის კი საოცრად მშვიდი ჩანდა… არც კი ღელავდა.  ცოტას ფიქრობდა… სულ ცოტას… მოგონებებში გადავარდნილი ახლაც რიო ჰერმოსოს ქუჩებში მიაბიჯებდა, ცხადად ხედავდა ძველებური სახლების აივანზე გამოფენილ ყვავილების ქოთნებს,  წიწაკის აცმებს…

ამ დროს ზედამხედველმა გამოაფხიზლა. დაბრძანდითო, ზრდილობიანად სთხოვა და სტომატოლოგის სკამის მსგავს მოწყობილობაზე მიუთითა. სასაცილოდ ჟღერს ზრდილობიანი „დაბრძანდით“ ასეთ დროს.

16:00

ის უკვე აღარ ითვლიდა წამებს…  იწვა და ჭერს უყურებდა. მის თავზე სარკე დაემაგრებინათ.  ხედავდა თავის გამოსახულებას,  „გამვხდარვარ“ – გაიფიქრა. ბოლო რაც დაინახა,  სევდიანი, ოდნავ მომღიმარი სახე იყო… ჭერის სარკეში.  ვენები უკვე ევსებოდა ცივი, უსიამოვნო სითხით.

ციხის დერეფანში საოცრად მელოდიურმა მუსიკამ გაიჟღერა… შემდეგ კი გაქრა.

***

ამ დროს „მაყურებელათა“ რიგებში უცნობი ქალი მოუსვენარი გამომეტყველებით ადევნებდა სასჯელის აღსრულების პროცესს თვალს.

- შეგიძლიათ, მითხრათ რა საწამლავი გაუკეთეს პატიმარს? – ჰკითხა მან გვერდით მჯდომ  ციხის ექიმს.
- სამის სახის საწამლავია, დაცული თანმიმდევრობით. პირველი Sodium Thiopental შეყავთ –  სწრაფი ანესთეტიკი. რამდენიმე წამის შემდეგ პიროვნება გონებას კარგავს. შემდეგ Pancuronium – ძლიერმოქმედი ნივთიერება კუნთების მოსადუნებლად,  ბოლოს კი Potassium Chloride, რომელიც გულს აჩერებს.
- მმ… გასაგებია… შეგიძლიათ მითხრათ, ჭერზე სარკე რატომ არის?
- სიკვდილმისჯილისთვის.
- ???
- Para no estar solo, seniorita… – თავისთვის ჩაილაპარაკა ექიმმა და დარბაზიდან გავიდა.

ფსიქო

მთელი ცხოვრება ვიღაცის ფსიქოლოგი ვარ. ნებით თუ უნებლიედ. მას შემდეგ რაც პირველი საიდუმლო გამიმხილეს… მაშინ ვიგრძენი ის, რაც ალბათ ნარკოტიკად მექცა. სურვილი იმისა, რომ მოაშორო ადამიანს სულის ნაოჭებში ჩამჯდარი ჭუჭყი. და მე გავხდი ამ სურვილზე დამოკიდებული. შევჯექი… დავდიოდი ჩემს ირგვლივ შემოკრებილ ხალხის რიგებში და უბრალო მოსმენის ნიჭით აღჭურვილი ვწმენდი მათ გულებს, თბილი თითებით – მათ თვალებზე ჩამომდინარ ცრემლს. არასდროს  ვიძლეოდი რჩევებს, არასდროს ვლაპარაკობდი მორალზე…  ვთამაშობდი იქ, სადაც ჩემად ყოფნა არ ჭრიდა… ვიყავი მეფეც და მათხოვარიც, მორწუმენც და ათეისტიც…  იმის მიხედვით, ვინ ჭირდებოდა ჩემს მოსაუბრეს…

და ერთხელაც მომინდა, მე თვითონ ვყოფილიყავი “მოსმენილი”. უბრალოდ ავდექი და… მივედი საკუთარ თავთან. ის მშვიდად იჯდა რბილ სავარძელში, კაკლის ხისგან შეკრული ძველებური მაგიდის მიღმა. თითქოს მელოდა. რომ დამინახა, თავი ასწია, გაიღიმა. ოდნავ წამოიწია, ხელით მანიშნა დავმჯდარიყავი. საშინლად არაკომფორტული ხის სკამი იყო, ერთი ფეხი ერყოდა და მუდვივი კონცენტრაციის პირობებში გიწევდა ჯდომა. რასლაბსა… უპალ…

- როგორ ვართ? – “ექიმური” ტონით მკითხა.
- კარგად, არაგვიშავს – მრავლობითშივე გავაგრძელე.
- გაწუხებს რამე?
- არ ვიცი. ალბათ… ან იქნებ არც…
- აი, მე მაგალითად, მაწუხებს. – თქვა და წყალი დალია.
- რა გწუხებთ?
- რა აღარ?! შიში მაქვს…
- ??
- სარკეში ვერ ვიხედები.
- მმ… რისი გეშინიათ, რომ არ გამოჩნდებით?
- არა, იმის, რომ იმას ვერ დავინახავ, ვისაც ველოდები.
- ვის ელოდებით?
- წარმატებულ ადამიანს.
- თქვენი აზრით, ვინ შეიძლება დაინახოთ სარკეში?
- უსაქმური კაცი, არაფრის კეთებას გადაყოლილი. კარგად ნაკვები პერსონა, ცივი და არაფრისმთქმელი თვალებით. თავისთავზე შეყვარებული ჭია, რომელიც სხვისი ემოციებით იკვებება.
- ჰმ… ვიღაცას მაგონებს. – თვალებს ვატრიალებ.
- რა თქმა უნდა. საკუთარ თავს. მე სარკეში შენი დანახვის მეშინია.
- ასე ცუდად გამოვიყურები? – ვცდილობ იუმორში გადავიტანო მისი აგრესია და იქვე მენანება ჩემი 50 დოლარი, რომელიც ამ სეანსში გადავიხადე წინასწარ.
- ცუდად? სულაც არა, პირიქით, ისეთი მიმზვიდელია, მეშინია სურვილი არ გამიჩნდეს, რომ დაგემგვანო.
- თუ მოგწონს, რატომღა გეშინია? – ჩავეძიე და ცოტა კმაყოფილებამაც მომიცვა. “ვიღაცას მაინც მოვწონვარ” – გავიფიქრე.
- არ მინდა ყველა და ყველაფერი დავკარგო. ხალხი ამას სხვანაირად მიიღებს. ისინი ხომ ყოველდღე მხედავენ და აღმიქვამენ ისე, როგორც წარმატებულსა და პროფესიონალს. ვერ გავუცრუებ იმედებს.
- ხალხისთვის ცხოვრობთ?
- ყველასთვის არა.
- თქვენთვის თუ ცხოვრობს ვინმე?
- კი და ალბათ ეს მაიძულებს, იგივეთი ვუპასუხო.
- საინტერესოა.
- სულაც არა. მოსაბეზრებელია საკუთარ თავთან ბრძოლა, სხვებისთვის… რაც არ უნდა ახლობლები იყვნენ ისინი.
- გამოსავალს ხედავ? – სიგარეტს ვუკიდებ.
- კი. ადგილი გამიცვალე.
- “უფლისწული და მათხოვარი”? – მეღიმება.
- დაახლოებით. აბა რას იტყვი?- ანთებული და მუდარის თვალებით შემომხედა.

და უცებ მივხვდი, როგორ ჭირდებოდა ამ კაცს თავისუფლება, ყველასგან და ყველაფრისგან. ცოტა ხნით მაინც.

- ძვირი დაგიჯდება. – მინდა ჩემი ორმოცდაათი დოლარი მაინც ამოვიღო უკან.
- შეგიძლია სამეფო ბეჭდით კაკალიც ამტვრიო.
- ალერგია მაქვს კაკალზე. – სიგარეტის კვამლს რგოლებად ვუშვებ. – მაგრამ შეიძლება ვცადოთ.
- დარწმუნებული ხარ? – თავი დავუქნიე.

სახე გაუნათდა. ეტყობოდა,  არ ეგონა, ასე ადვილად თუ დავთანხმდებოდი.  სავარძლიდან წამოდგა. ახლოს მოვიდა, შემათვალიერა, კმაყოფილმა ჩაიცინა. მადლობთო. ხელი მაგრად ჩამომართვა და ოთახიდან გავიდა. ერთ წუთში უკან შემობრუნდა, მოზრდილი კონვერტი მომაჩეჩა  და ისე გაუჩინარდა კარებში, კითხვაც ვერ მოვასწარი, შიგნით რა დევს-თქო.

კონვერტი გავხსენი… შიგნით ორი ცალი ორმოცდაათდოლარიანი, 1 ლისტი ალერფასტი და ქაღალდის ნაგლეჯი იდო. წარწერით. “თუ მაინცდამაინც კაკალი მოგინდათ, ალერგია ნუ შეგაშინებთ”.

გამოღვიძება

ანუ როგორ მოხვდა ჰაკი კოსმოსში

ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომელსაც ასე გამალებით ვჩქმალავთ,
მაგრამ ხანდახან ხელიდან გვისხლტება და თავს გვარმთევს.

თავი პირველი

* * *

- გაწი, ქალო, შენი რეზინის ხელები… ვაიმე, ეს სად მოვხვდი,  რა სინათლეა?!… დედააააა… მცივაა… omg, შიშველი ვარ…

* * *

- გილოცავთ, მისის დერთ , ბიჭია და თან საკმაოდ ენერგიულიც. – ბებიაქალმა ბავშვი შეამშრალა და ჯერ კიდევ გაოგნებულ დედას ხელში შეაჩეჩა.
- როგორ ხარ პატარავ? – თბილად ჰკითხა მერიმ ჰაკს და პატარა ცხვირზე აკოცა.
- ვახ, დედა, შენ ხარ? მე არამიშავს… თავად? – მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ჯერ არავის ესმოდა მისი.

* * *


-
ნეტა, საიდან მეცნობა ეს ხმა?!  მგონი ისაა, სანამ მუცელში ვიყავი, რომ მელაპარაკებოდა, მაშინვე მივხვდი, ამას გარეკილი აქვს-თქო. – გაიფიქრა  და ყურებამდე გაღიმებულ სახეს ეჭვით დაუწყო თვალიერება.
- ჰაკი, ნახე ვინ მოვიდა ჩვენს სანახავად?! – დედამ ხელში აიტატა ბავშვი და „ბედნიერ“ კაცთან მიიყვანა.  - აბა, გამარჯობა უთხარი მამას.
- მამა? აუფ… დედა დაწმუნებული ხარ, რომ ესაა მამა? შეცვლის პონტი არაა? ჰა? არა?

* * *

სამი წლის ასაკში ჰაკი მიხვდა, რომ მამა „ცუდი პონტი“ არ არის. მას შემდეგ, რაც ახალ ენაადგმულს (არადა უკვე აზრიანად და გამართულად საუბრობდა) მხოლოდ მამამ დაუჯერა, რომ ბიჭუნას თავისი პირველი დღიდან მოყოლებული ყველაფერი ახსოვდა.  პირიქით კურტმა (კობეინმა არა, მამამისმა) დიქტოფონი უყიდა და ურჩია, თავისი მოგონებები ჩაეწერა. (წერა-კითხვა კი იცოდა, მაგრამ პატარა თითები ჰქონდა ჯერ და საწერკალამს ვერ ხმარობდა).

* * *

მაშ ასე…

ჩანაწერი ნომერი 1.

„მე ვარ ჰაკი, მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბავშვი. თუმცა რაღა ბავშვი, სამი წლის ვარ. ვკითხულობ, ვანგარიშობ მილიონის ფარგლებში (მეტი არ დამჭირვებია), მესმის კანტის, ჩემი აზრი მაქვს ჰეგელის თეორიებზე, შემიძლია ვიმსჯელო რენესანსის პერიოდის ევროპულ ფერწერაზე და თქვენ, წარმოიდგინეთ, იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ თავს უფლებას ვაძლევ, არ მომწონდეს ის, რაც ყველას მოსწონს.
~ მყავს დედა, მამა და თუთიყუში (სახელად კრეა).
~ სულით პაციფისტი ვარ. დიდი რომ ვიყო, ალბათ ჰიპი ვიქნებოდი.
~ ვუსმენ ყველანაირ მუსიკას, დედაჩემის პაპსასაც და მამაჩემის ჰარდ როკსაც. ყველაფერი არ მსიამოვნებს, მაგრამ ჯერ ~ მუსიკალურ ცენტრს ვერ ვწვდები რომ გამოვრთო ხოლმე.
~ ვერ ვიტან ბრაზილიურ სერიალებს. საკმაოდ რეალისტი ვარ და ალბათ მაგიტომაც.
~ არ მჯერა იმის, რომ წეროს მოყვანილი ვარ. კომბოსტოს ვერსიაზე ვხოხავ სიცილით, მაგრამ მაინც ვდილობ ეს არავინ შეამჩნიოს. ბავშვისთვის ამ საზოგადოებაში სექსუალური განათლების ქონა ზედმეტად უჩვეულოა.
~ ვლაპარაკობ სამ ენაზე, დანარჩენ ენებზე ჩემი სამეტყველო აპარატი ჯერ ვერ ქაჩავს.
~ არ ვარ მოდას აყოლილი, მაგრამ მაინც მყავს პირადი სტილისტი. ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს დედა.
~ არ ვოცნებობ ვარსკვლავობაზე.
~ არ ვაწყობ გეგმებს,  როგორც შევამჩნიე, აზრი არ აქვს.
~ მომწონს ჩემი ახალგაზრდა ძიძა და დიდი რომ ვიყო, ალბათ მაშინაც არ ვიტყოდი უარს მასთან მარტო დარჩენაზე.
~ არ მაქვს ხოლმე დეპრესია, არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელებს, არ ვეწევი.
~ ბევრს ვფიქრობ და ცოტას ვლაპარაკობ.
~ არ მყავს მტრები (იმიტომ, რომ ცოტას ვლაპარაკობ), არც ვინმეს ვმტრობ.
~ მომწონს საჩუქრები, მაგრამ არ მომწონს რასაც მჩუქნიან.
~ მინდა ფიზიკურადაც მალე გავიზარდო, რაც ავტომატურად გაზრდის ჩემი გონების სრულად თუ არა 80%-ით გამოყენების საშუალებას მაინც, მაგრამ ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. ( „საჭმელი ჭამე და მალე გაიზრდები“ ტრუხაა).
~ არ ვარ პესიმისტი, მაგრამ არც ოპტიპისტი ვარ. და საერთორ რაღაცისტობა და ვიღაცისტობა არ მიზიდავს.
~ არ მაქვს ფობიები, მაგრამ მაქვს ზომიერი შიშის გრძნობა.
~ ვითვალისწინებ თეორიებს, მაგრამ ვენდობი მხოლოდ ფაქტებს.
~ მძინავს დღე-ღამეში 12 საათი. (აი, ახლა ჩემი ძილის დროა).

ვინაიდან თეორიული შანსი იმისა, რომ სახლში ძიძასთან ან მშობლებთან მყოფი ბავშვის სიცოცხლეს რამე დაემუქრება დაახლოებით 0.01%-ია, ამიტომაც 99.99%-ით გპირდებით იმას, რომ მალე მეორე ჩანაწერსაც გავაკეთებ.

კარგად იყავით.

გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით.“

(გაგრძელება იქნება ( 99.99%-იანი შანსით) )