Archive for January, 2010

ფსიქო

მთელი ცხოვრება ვიღაცის ფსიქოლოგი ვარ. ნებით თუ უნებლიედ. მას შემდეგ რაც პირველი საიდუმლო გამიმხილეს… მაშინ ვიგრძენი ის, რაც ალბათ ნარკოტიკად მექცა. სურვილი იმისა, რომ მოაშორო ადამიანს სულის ნაოჭებში ჩამჯდარი ჭუჭყი. და მე გავხდი ამ სურვილზე დამოკიდებული. შევჯექი… დავდიოდი ჩემს ირგვლივ შემოკრებილ ხალხის რიგებში და უბრალო მოსმენის ნიჭით აღჭურვილი ვწმენდი მათ გულებს, თბილი თითებით – მათ თვალებზე ჩამომდინარ ცრემლს. არასდროს  ვიძლეოდი რჩევებს, არასდროს ვლაპარაკობდი მორალზე…  ვთამაშობდი იქ, სადაც ჩემად ყოფნა არ ჭრიდა… ვიყავი მეფეც და მათხოვარიც, მორწუმენც და ათეისტიც…  იმის მიხედვით, ვინ ჭირდებოდა ჩემს მოსაუბრეს…

და ერთხელაც მომინდა, მე თვითონ ვყოფილიყავი “მოსმენილი”. უბრალოდ ავდექი და… მივედი საკუთარ თავთან. ის მშვიდად იჯდა რბილ სავარძელში, კაკლის ხისგან შეკრული ძველებური მაგიდის მიღმა. თითქოს მელოდა. რომ დამინახა, თავი ასწია, გაიღიმა. ოდნავ წამოიწია, ხელით მანიშნა დავმჯდარიყავი. საშინლად არაკომფორტული ხის სკამი იყო, ერთი ფეხი ერყოდა და მუდვივი კონცენტრაციის პირობებში გიწევდა ჯდომა. რასლაბსა… უპალ…

- როგორ ვართ? – “ექიმური” ტონით მკითხა.
- კარგად, არაგვიშავს – მრავლობითშივე გავაგრძელე.
- გაწუხებს რამე?
- არ ვიცი. ალბათ… ან იქნებ არც…
- აი, მე მაგალითად, მაწუხებს. – თქვა და წყალი დალია.
- რა გწუხებთ?
- რა აღარ?! შიში მაქვს…
- ??
- სარკეში ვერ ვიხედები.
- მმ… რისი გეშინიათ, რომ არ გამოჩნდებით?
- არა, იმის, რომ იმას ვერ დავინახავ, ვისაც ველოდები.
- ვის ელოდებით?
- წარმატებულ ადამიანს.
- თქვენი აზრით, ვინ შეიძლება დაინახოთ სარკეში?
- უსაქმური კაცი, არაფრის კეთებას გადაყოლილი. კარგად ნაკვები პერსონა, ცივი და არაფრისმთქმელი თვალებით. თავისთავზე შეყვარებული ჭია, რომელიც სხვისი ემოციებით იკვებება.
- ჰმ… ვიღაცას მაგონებს. – თვალებს ვატრიალებ.
- რა თქმა უნდა. საკუთარ თავს. მე სარკეში შენი დანახვის მეშინია.
- ასე ცუდად გამოვიყურები? – ვცდილობ იუმორში გადავიტანო მისი აგრესია და იქვე მენანება ჩემი 50 დოლარი, რომელიც ამ სეანსში გადავიხადე წინასწარ.
- ცუდად? სულაც არა, პირიქით, ისეთი მიმზვიდელია, მეშინია სურვილი არ გამიჩნდეს, რომ დაგემგვანო.
- თუ მოგწონს, რატომღა გეშინია? – ჩავეძიე და ცოტა კმაყოფილებამაც მომიცვა. “ვიღაცას მაინც მოვწონვარ” – გავიფიქრე.
- არ მინდა ყველა და ყველაფერი დავკარგო. ხალხი ამას სხვანაირად მიიღებს. ისინი ხომ ყოველდღე მხედავენ და აღმიქვამენ ისე, როგორც წარმატებულსა და პროფესიონალს. ვერ გავუცრუებ იმედებს.
- ხალხისთვის ცხოვრობთ?
- ყველასთვის არა.
- თქვენთვის თუ ცხოვრობს ვინმე?
- კი და ალბათ ეს მაიძულებს, იგივეთი ვუპასუხო.
- საინტერესოა.
- სულაც არა. მოსაბეზრებელია საკუთარ თავთან ბრძოლა, სხვებისთვის… რაც არ უნდა ახლობლები იყვნენ ისინი.
- გამოსავალს ხედავ? – სიგარეტს ვუკიდებ.
- კი. ადგილი გამიცვალე.
- “უფლისწული და მათხოვარი”? – მეღიმება.
- დაახლოებით. აბა რას იტყვი?- ანთებული და მუდარის თვალებით შემომხედა.

და უცებ მივხვდი, როგორ ჭირდებოდა ამ კაცს თავისუფლება, ყველასგან და ყველაფრისგან. ცოტა ხნით მაინც.

- ძვირი დაგიჯდება. – მინდა ჩემი ორმოცდაათი დოლარი მაინც ამოვიღო უკან.
- შეგიძლია სამეფო ბეჭდით კაკალიც ამტვრიო.
- ალერგია მაქვს კაკალზე. – სიგარეტის კვამლს რგოლებად ვუშვებ. – მაგრამ შეიძლება ვცადოთ.
- დარწმუნებული ხარ? – თავი დავუქნიე.

სახე გაუნათდა. ეტყობოდა,  არ ეგონა, ასე ადვილად თუ დავთანხმდებოდი.  სავარძლიდან წამოდგა. ახლოს მოვიდა, შემათვალიერა, კმაყოფილმა ჩაიცინა. მადლობთო. ხელი მაგრად ჩამომართვა და ოთახიდან გავიდა. ერთ წუთში უკან შემობრუნდა, მოზრდილი კონვერტი მომაჩეჩა  და ისე გაუჩინარდა კარებში, კითხვაც ვერ მოვასწარი, შიგნით რა დევს-თქო.

კონვერტი გავხსენი… შიგნით ორი ცალი ორმოცდაათდოლარიანი, 1 ლისტი ალერფასტი და ქაღალდის ნაგლეჯი იდო. წარწერით. “თუ მაინცდამაინც კაკალი მოგინდათ, ალერგია ნუ შეგაშინებთ”.

Tags: ,