Archive for December, 2009

გამოღვიძება

ანუ როგორ მოხვდა ჰაკი კოსმოსში

ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომელსაც ასე გამალებით ვჩქმალავთ,
მაგრამ ხანდახან ხელიდან გვისხლტება და თავს გვარმთევს.

თავი პირველი

* * *

- გაწი, ქალო, შენი რეზინის ხელები… ვაიმე, ეს სად მოვხვდი,  რა სინათლეა?!… დედააააა… მცივაა… omg, შიშველი ვარ…

* * *

- გილოცავთ, მისის დერთ , ბიჭია და თან საკმაოდ ენერგიულიც. – ბებიაქალმა ბავშვი შეამშრალა და ჯერ კიდევ გაოგნებულ დედას ხელში შეაჩეჩა.
- როგორ ხარ პატარავ? – თბილად ჰკითხა მერიმ ჰაკს და პატარა ცხვირზე აკოცა.
- ვახ, დედა, შენ ხარ? მე არამიშავს… თავად? – მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ჯერ არავის ესმოდა მისი.

* * *


-
ნეტა, საიდან მეცნობა ეს ხმა?!  მგონი ისაა, სანამ მუცელში ვიყავი, რომ მელაპარაკებოდა, მაშინვე მივხვდი, ამას გარეკილი აქვს-თქო. – გაიფიქრა  და ყურებამდე გაღიმებულ სახეს ეჭვით დაუწყო თვალიერება.
- ჰაკი, ნახე ვინ მოვიდა ჩვენს სანახავად?! – დედამ ხელში აიტატა ბავშვი და „ბედნიერ“ კაცთან მიიყვანა.  - აბა, გამარჯობა უთხარი მამას.
- მამა? აუფ… დედა დაწმუნებული ხარ, რომ ესაა მამა? შეცვლის პონტი არაა? ჰა? არა?

* * *

სამი წლის ასაკში ჰაკი მიხვდა, რომ მამა „ცუდი პონტი“ არ არის. მას შემდეგ, რაც ახალ ენაადგმულს (არადა უკვე აზრიანად და გამართულად საუბრობდა) მხოლოდ მამამ დაუჯერა, რომ ბიჭუნას თავისი პირველი დღიდან მოყოლებული ყველაფერი ახსოვდა.  პირიქით კურტმა (კობეინმა არა, მამამისმა) დიქტოფონი უყიდა და ურჩია, თავისი მოგონებები ჩაეწერა. (წერა-კითხვა კი იცოდა, მაგრამ პატარა თითები ჰქონდა ჯერ და საწერკალამს ვერ ხმარობდა).

* * *

მაშ ასე…

ჩანაწერი ნომერი 1.

„მე ვარ ჰაკი, მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბავშვი. თუმცა რაღა ბავშვი, სამი წლის ვარ. ვკითხულობ, ვანგარიშობ მილიონის ფარგლებში (მეტი არ დამჭირვებია), მესმის კანტის, ჩემი აზრი მაქვს ჰეგელის თეორიებზე, შემიძლია ვიმსჯელო რენესანსის პერიოდის ევროპულ ფერწერაზე და თქვენ, წარმოიდგინეთ, იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ თავს უფლებას ვაძლევ, არ მომწონდეს ის, რაც ყველას მოსწონს.
~ მყავს დედა, მამა და თუთიყუში (სახელად კრეა).
~ სულით პაციფისტი ვარ. დიდი რომ ვიყო, ალბათ ჰიპი ვიქნებოდი.
~ ვუსმენ ყველანაირ მუსიკას, დედაჩემის პაპსასაც და მამაჩემის ჰარდ როკსაც. ყველაფერი არ მსიამოვნებს, მაგრამ ჯერ ~ მუსიკალურ ცენტრს ვერ ვწვდები რომ გამოვრთო ხოლმე.
~ ვერ ვიტან ბრაზილიურ სერიალებს. საკმაოდ რეალისტი ვარ და ალბათ მაგიტომაც.
~ არ მჯერა იმის, რომ წეროს მოყვანილი ვარ. კომბოსტოს ვერსიაზე ვხოხავ სიცილით, მაგრამ მაინც ვდილობ ეს არავინ შეამჩნიოს. ბავშვისთვის ამ საზოგადოებაში სექსუალური განათლების ქონა ზედმეტად უჩვეულოა.
~ ვლაპარაკობ სამ ენაზე, დანარჩენ ენებზე ჩემი სამეტყველო აპარატი ჯერ ვერ ქაჩავს.
~ არ ვარ მოდას აყოლილი, მაგრამ მაინც მყავს პირადი სტილისტი. ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს დედა.
~ არ ვოცნებობ ვარსკვლავობაზე.
~ არ ვაწყობ გეგმებს,  როგორც შევამჩნიე, აზრი არ აქვს.
~ მომწონს ჩემი ახალგაზრდა ძიძა და დიდი რომ ვიყო, ალბათ მაშინაც არ ვიტყოდი უარს მასთან მარტო დარჩენაზე.
~ არ მაქვს ხოლმე დეპრესია, არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელებს, არ ვეწევი.
~ ბევრს ვფიქრობ და ცოტას ვლაპარაკობ.
~ არ მყავს მტრები (იმიტომ, რომ ცოტას ვლაპარაკობ), არც ვინმეს ვმტრობ.
~ მომწონს საჩუქრები, მაგრამ არ მომწონს რასაც მჩუქნიან.
~ მინდა ფიზიკურადაც მალე გავიზარდო, რაც ავტომატურად გაზრდის ჩემი გონების სრულად თუ არა 80%-ით გამოყენების საშუალებას მაინც, მაგრამ ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. ( „საჭმელი ჭამე და მალე გაიზრდები“ ტრუხაა).
~ არ ვარ პესიმისტი, მაგრამ არც ოპტიპისტი ვარ. და საერთორ რაღაცისტობა და ვიღაცისტობა არ მიზიდავს.
~ არ მაქვს ფობიები, მაგრამ მაქვს ზომიერი შიშის გრძნობა.
~ ვითვალისწინებ თეორიებს, მაგრამ ვენდობი მხოლოდ ფაქტებს.
~ მძინავს დღე-ღამეში 12 საათი. (აი, ახლა ჩემი ძილის დროა).

ვინაიდან თეორიული შანსი იმისა, რომ სახლში ძიძასთან ან მშობლებთან მყოფი ბავშვის სიცოცხლეს რამე დაემუქრება დაახლოებით 0.01%-ია, ამიტომაც 99.99%-ით გპირდებით იმას, რომ მალე მეორე ჩანაწერსაც გავაკეთებ.

კარგად იყავით.

გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით.“

(გაგრძელება იქნება ( 99.99%-იანი შანსით) )

Tags: , , , , , ,