გაიღვიძე, გიო…

-         გაიღვიძე, გიო…

თითქოს ყურში ჩამჩურჩულეს ამ დილით. მეღვიძება… თვალებს ვიფშვნეტ და ირგვლივ ვიხედები.

-         გიო? – ვეკითხები სიცარიელეს და რამდენიმე წამში ვაცნობიერებ, რომ სახლში მარტო ვცხოვრობ. და თან გიო არ მქვია…

უცნაურად გამაჟრჟოლა… არადა, რა რეალური იყო ეს ხმა… თითქოს დედა აღვიძებდა სკოლაში წასასვლელ შვილს. თბილად… დილის სიზმარი რომ არ დაეფრთხო…

ვდგები… სამზარეულოში გავდივარ, სიგარეტს ვუკიდებ, ჩაიდანს ვდგამ გაზზე და ვცდილობ, ის უსიამოვნო შეგრძნება ამოვიგდო თავიდან…

აბაზანაში შესულს ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ზურგიდან მიყურებენ. სარკეში ჩახედვის მეშინია, „წყევლიდან“ გადმოსული თეთრსახიანი გოგონა რომ არ დავინახო შემთხვევით. კბილების ხეხვისას თვალი გამექცა… მაგრამ იქ მხოლოდ ჩემი სახე ჩანს… დაკრეჭილი, ნახევრად მძინარე და ცოტა არეული…

სიგარეტი გამთავებია… მაღაზიაში ჩავდივარ. ეტყობა ძალიან ადრეა, კაციშვილი არ ჭაჭანებს ქუჩაში. მომწონს რაღაცით ეს სიცარიელე… სუპერმარკეტის შუშის კარი ჭრიალით იღება და გამყიდველ გოგონას აღვიძებს. სახის გამომეტყველებით ვხვდები, მთლად კმაყოფილი არ უნდა იყოს ჩემი ვიზიტით. ალბათ ფიქრობს, ამ დილაუთებია რა ჯანდაბა და დოზანა უნდა, რომ ჩამობოდიალებულა საყიდლებზეო. დიდხანს რომ არ იფიქროს, მაშინვე ვითხოვ 2 კოლოფ „ქემელს“ და თან ალუბლის წვენს ვიღებ მაცივრიდან. სამჯერ გამოიყენა გამომთვლელი. საქმეს ვუადვილებ და ზუსტად ვაძლევ გადასახდელ თანხას. მადლიერი თვალებით მიღიმის. მეც ვუღიმი, მადლობას ვეუბნები და გამოვდივარ.

ლიფტში სიბნელეა, სარკეში ვიხედები… უკვე თამამად. აქაც მხოლოდ მე ვარ.

სახლში შესულს ისევ მახსენდება ერთი საათის წინანდელი „გაიღვიძე, გიო…“ ოთახებში დავბორიალობ. საკუთარი თავი უნდა დავარწმუნო, რომ აქ ჩემს მეტი არავინაა. ადვილად გამომდის.

ცოტა ხანს კომპიუტერთან ვჯდები, ალუბლის წვენს ვსვამ და ჩემს ბლოგზე ვიხედები. სიმშვიდეა… ფეისბუქზე რამდენიმე შეტყობინება მხვდება. სწრაფად ვავლებ თვალს, ვინ სად დამთაგა ან მიპასუხა. მუსიკას ვრთავ ხმამაღლა… არ მინდა, სხვა რამე მესმოდეს.

ტელეფონი რეკავს, ახალი ზარი მაქვს და ვაიგნორებ. ბოლოს ვხვდები, რომ ჩემია. მაღვიძებენ, საქმეებზე ვარ გასასვლელი… მადლობა, მე უკვე მღვიძავს…

ათი წუთი მჭირდება ჩასაცმელად. ერთი ამდენი იმის შესამოწმებლად, რამე ხომ არ მრჩება. სახლიდან გავდივარ და მობილურში ვინიშნავ, რომ კარები ჩავკეტე (სულ მავიწყდება). ლიფტში ისევ ბნელა, სარკეში ისევ მარტო ვარ.

„დილით ეტყობა სიზმარს ვნახულობდი“ – გავიფიქრე.

40 წუთში დანიშნულების ადგილზე ვარ, 5 წუთში ვიღებ ჩემთვის საჭირო ინფორმაციას. საოცრად ბედნიერი ვარ ამ 45 წუთის შემდეგ. ყველაფერი იდეალურადაა. მავიწყდება კიდეც დილის უსიამოვნო ეპიზოდი. რამდენიმე მესიჯს ვაგზავნი, ორგან ვრეკავ. სიცხისგან გასავათებულ ხალხს ჩემი ღიმილი აშკარად არ მოსწონს. მარშუტკაში ქალი მიბღვერს. „რატო, დეიდა, რატო?“ დანანებით ვფიქრობ გულში და ცოტა მაკლია, ამ კითხვაზე სიცილი რომ არ ამივარდეს.

სახლში ვბრუნდები, საღამოსთვის უნდა მოვემზადო. ალბათ დასალევად გავალ მეგობრებთან. საძინებელში შევდივარ და ვგრძნობ, როგორ მექაჩება აულაგებელი ლოგინი თავისკენ. დილით ვერ გამოვიძინე, სწრაფად ვიხდი და მოწყვეტით ვეცემი…

სასიამოვნოდ მგრილა ორპირში…

ალბათ, ასე 3-4 საათი მეძინა…  მერე კი საშინელმა კივილმა გამაღვიძა…

-         გაიღვიძე, გიო. – კიოდა ელდისა და შიშისგან აცახცახებული დედა მეზობელ კორპუსში და ვენებგადახსნილი შვილისგან უშედეგოდ ელოდა პასუხს.

რეისი #851

გრილა ვაგონში… გარეთ კი ზაფხულის ხვატი გონებაარეულივით დაბოდიალობს და ყველა შემხვედრს ტვინის გახვრეტით ემუქრება.

-         მე დაგცხებით!!! – ყვირის ის.

მატარებელი, რომელიც, ბილეთების გამყიდველს თუ დავუჯერებთ, სწრაფი უნდა ყოფილიყო, ეტყობა, ჯერ ძალებს ზოგავს. თუმცა არც მე მეჩქარება განსაკუთრებით. თბილისში ცხელა. ხოდა რაც უფრო გვიან ჩავალ დღეს, მით უკეთესი.

გუშინ ემოციური დღე მქონდასავით.

ძალიან ძველმა მეგობარმა დამირეკა, მომიკითხა… და მერე ძალიან თბილი სიტყვები მომწერა.  :)   მეც მომნატრებია.

დილით ძლივს ავწიე თავი/ტანი ლოგინიდან. გვიანობამდე ვისხედით მე და სიფო და ოთხმოცს გადაცილებული მოხუცებივით ვიხსენებდით „ახალგაზრდობის ამბებს“.

ნეტა რა ხდება ახლა სახლში, შუქი თუ ჩართეს. ინტერნეტი ხო არ გაითიშა. ცხელა ალბათ უსაშველოდ, 5 დღეა ფანჯრები არ გახსნილა, აბა რა იქნება?!

გუშინ ალუბლის წვენს ვსვამდი ბარში. ალუბლის წვენს!!! ცხოვრებაში პირელად მომინდა და არა გემოსთვის, უბრალოდ ასოციაციებისთვის. მომეწონა…  დილა, სიგრილე, ჩემი მუსიკა… და ალუბლის წითელი წვენი :p  ტუჩებივით წითელი… მნიამ… :uci:  „გოგონა ალუბლის ფერებში… გოგონა ყვავილს რომ ჰგავს…“

მატარებელმა სიჩქარეს მოუმატა, ისე მოძრაობს გეგონება ვაგზალზე შეყვარებული მატარებელი ელოდებოდეს :D   I don’t want to see them kissing… :no:

2 სკამიან ადგილას მარტო ვზივარ. ემ აი ლაქი?  მახსენდება, თბილისიდან რომ მოვდიოდი.  ზურა და ნინო გამოვიდნენ ჩემთან ვაგონში მოსანახულებლად :პ ისინი მეოცეში ისხდნენ, მე – მეთვრამეტეში. ზურამ შეხედა ჩემს გვერდით ცარიელ სკამს და დაუფიქრებლად თქვა: „რა კარგია გვერდით რო არავინ გიზის, თავისუფლად იქნებიო“. ნინო აღშფოთდა :) )))  (გვერდიგვერდ ისხდნენ მეოცეში).

ახლა თავზე ვიღაც მადგას, მარკეტინგულ გამოკითხვას ატარებს და დამბზუის. ხანდახან ლეპტოპისკენ აპარებს თვალს და ნერვები მეშლება. გავწევ თუ ასე გააგრძელა.

ლანჩხუთში გავიარეთ, 1 წუთით რამდენიმე ვაი-ფაი დაიჭირა ჩემმა ლეპტოპმა. მხოლოდ 1 წუთით.

მეორე ამ ტიპის მატარებელმა ჩაგვიარა. მგონი იქ საერთოდ 1 ვაგონია. ლოკომოტივიანად 2.

„აუ, გაიტანეთ ეს ბიჭი ვინმემ“ – წუხს ჩემს უკან მგზავრი, რომელიც თვალცრემლიანი უყურებს სამოციანი წლების რუსულ საბჭოთა მელოდრამას.“

სიგარეტი მინდა… brb. Afk 5 min.

არაო, მხოლოდ გაჩერებებზეო… სამტრედიას ველოდებით :mo:

გრრრ… ჰა თქვენ ერთი მინუსი კიდევ. კურილკა უნდა ჰქონდეს მატარებელს აუცილებლად.

თურმე უნდა ჩავიდე თან მოწევისას. ჰმ ჰმ… ჩემი ლეპტოპი ვის დავუტოვო მერე? აი რა მინუსი აქვს, გვერდით რო არავინ გიზის.

სიგარეტი მინდააააააააა!!! გააჩერეთ…

ახლა უკვე შინაგანად მცხელა ამის გამო. მერე რა, რომ ვაგონში გრილა…

ბზ ბზზზზ ბზზზზ… ის ტიპი ისევ აგძელებს ხალხის გამოკითხვას.  ზამთარში შემორჩენილი  ბუზივით (ერთი როა და დიდ ხმაზე რო ბზუის) მაღიზიანებს.   თვალწინ უზარმაზარი ბუზების საკლავი დამიდგა…

მელოდრამა მთავრდება მატარებლის ტელევიზორში, ხალხი ტირის. :მო:

უსიგარეტობა იწვევს დეპრესიას.

ბოლო ერთი ვორდის გვერდია ვწუწუნებ. წერა უნდა შევწყვიტო, სამტრედიამდე.

Omg! არსებობ!

რა კაია.. ამოვისუნთქე სამტრედიაში.

ჩემს წინ ვიღაც ახალგაზრდა გოგო ზის და ნაცნობივით მიღიმის. რომელი ხარ? ვერ გიცანი…

სულ 5 წუთით ვიყავი ჩასული მატარებლიდან და ისე ცხელა გარეთ, სანამ მეორედ სიგარეტი არ მომინდება, ფეხს არ ჩავდგამ! ვოტ.

ზაფხულის ხვატი ისევ დაბოდიალობს და ხალხს ყურში ჩაჰკივის:

-         მე დაგცხებით!

ვაგონების სასაფლაოს ჩავუარეთ… sad… ერთ დროს ეს ვაგონებიც ამ ლიანდაგზე იდგნენ და მხიარულად მიჩუქჩუქობდნენ ალბათ… ახლა კი დაჟანგებულნი და საფარშემოცლილნი დგანან საწყლად. „ყველაფერს ეშინია დროის, დროს ეშინია (მხოლოდ) პირამიდების“. ამ ჟანგიან ვაგონებს კიდევ არაფერი აქვთ საერთო პირამიდებთან.   We all gonna die… omg! :D

ვიღაც მენატრება…

თბილისში რო ჩავალ, დიეტაზე დავჯდები, გადაწყვეტილია. 10 კილო უნდა დავიკლო კაკ მინიმუმ. დასაწყისისთვის.

ვიღაცას ეტყობა ზღვიდან რაკუშკები მოაქვს… ჩანთიდან გამოღწეული გახრწნილი რაკუშკის სუნმა ჩაიქროლა…

ჩემს უკან გოგონა ზის და მთელი გზა სარკეში იყურება. „ყველაზე დიდი ეგოისტები ალბათ სარკის წინ მასტურბირებენ“ – უეცრად მომდის აზრად.

ეკრანებზე „ფლეილისტი“ გამოჩნდა. სათაურით: „ლიდერი სავეტსკავა კინოპრაკატა“.  დაგვიფარე ყოვლადძლიერო…

ვიღაცამ (სამოთხეში მოხვდება ის!) დისკი გამოცვალა დივიდი პლეერში.  ძველი ქართული კინოები…  არა, „ხარება და გოგია“ არ ჩაურთავთ. თეთრი ბაირაღების ჯერია ეტყობა დღეს… ისევ აქვითინდა მატარებელი…

ჩამძინებია ლეპტოპით ხელში, გორში ჩავსულვართ უკვე, გაჩერდა თუ არა გამეღვიძა, საოცრად სწრაფად ავუღე ალღო, რა ხდებოდა ირგვლივ, სიგარეტს დავსტაცე ხელი და ვაგონიდან ჩავხტი. ის გოგო ისევ მიღიმის, ისიც სიგარეტს ეწევა, მაინც ვერ ვცნობ.

ამოვბრუნდი, მატარებელი დაიძრა. ფეისბუქზე შევდივარ და ჰოი საოცრებავ, გვერდით რიგში მჯდომი 60-70 წლის ბებო რუსულად მეკითხება:

- простите, вы на феисбуке да? а тут ваи-фаи есть?
- не, я через мобильни телефон.
- аа, а скорость нормальни?
- не очень, но лучше чем нечего.
- да у билаина тоже даиал-ап.

გაოგნებული ვაგრძელებ წერას. ოთოს ვეჩეტავები ყოფიერების სიმარტივეზე და დაინტერესებულ ფრენდებს ვუხსნი ფეისბუქზე, რამდენად კარგი სიტუაციაა დღის მატარებელში.

ლეპტოპი ჯდება… უკვე დროც არის.

ცოტა კიდევ მეძინა… მცხეთაში ვართ. დიდუბეში ჩამსვლელები გაემზადეთო, გვაფრთხილებს გამცილებელი. მე ვაგზალზე ჩავდივარ. არ ვჩქარობ.

ალბათ ბოლო პოსტი მატარებლიდან დღეისთვის. ცოტა ხანში ბაქანზე ჩავდგამ ფეხს და გათანგული ზაფხულის ხვატი ყელში წამიჭერს ოფლიან ხელებს… მერე სახეში შემომასუნთქვას უსაშველოდ ცხელ ჰაერს და ბოლო ხმაზე დამიღრიალებს:

-         მე დაგცხები!

პალატა #7

2.07.2010

-         ექიმო, ვკვდები?!
-         რა სისუელელეა.
-         აქ ყველა სულელები ვართ, რამე ჭკვიანურს ნუ ელით ჩვენგან. და მაინც, მიპასუხეთ კითხვაზე, თუ შეიძლება.
-         ჯერ არა.
-         მალე?
-         არც ისე, მოასწრებთ კიდე რამდენიმე ექიმისთვის ნერვების მოწამვლას.
-         თქენ გწამლავთ?
-         ცდილობთ, მაგრამ ამაოდ. შრატს ვიკეთებ ყოველ დილით პროფილაქტიკისთვის.
-         მომწონს თქვენი წინდახედულობა.
-         რას იზამთ, რთული პროფესია გვაქვს.
-         ექიმო, რამდენი წლის ხართ?
-         თქვენთვის ზედმეტად ახალგაზრდა ვარ მისტერ.
-         არც მე ვარ მოხუცი, უბრალოდ ნაადრევად დავბერდი.
-         ყოჩაღ თქვენ. ზოგი დაბერებას ვერ ასწრებს.
-         თქვენ ბენჯამინ ბატონი არ გინახავთ.
-         ბატონი ვინ?
-         ბატონი გვარია ექიმო. ბენჯამინ ბატონი… რომელიც მოხუცი დაიბადა და ნელნელა ახალგაზრდავდებოდა.
-         ალბათ თქვენც გაახალგაზრდავდებით.
-         არა, მე ვეღარ…
-         არ ღირს მაგაზე დარდი.
-         დარდი და სინანული სხვადასხვა რამეა, მე უფრო სინანული მჭირს. გამოუყენებელი შანსების სინანული.
-         შანსი არასდროსაა 100%-იანი. ვინ იცის, რომ გეცადათ გამოყენება, რა შედეგს მიიღებდით.
-         მაოცებთ, ექიმო… ფილოსოფოსივით ლაპარაკობთ.
-         თქვენს ნალაპარაკევს ვიწერ ხოლმე ფურცელზე, პალატიდან რომ გავდივარ.
-         არ ღირს მაგაზე მელნის და ფურცლის ხარჯვა.
-         რა თავმდაბალი ხართ ხანდახან.
-         კი, იშვიათად…  ქედმაღლობის შემოტევა როცა არ მჭირს. არადა ჩემი ბრალი სულ არ არის, ამათგან გადამედება ხოლმე.
-         ხარი ხართან დააბიო, ხომ გაგიგიათ?
-         ეგ ბექჰემმა რომ თქვა, ისაა?
-         არა, იმან თქვა „იგი წავა და სხვა მოვა“-ო.
-         ნაკითხი ბრძანდებით…
-         თავაზიანი კომპლიმენტია საგიჟეთში გამომწყვდეული ადამიანისგან.
-         ჩვენ, გიჟები, ყოველთვის თავაზიანები ვართ, უბრალოდ ხანდახან, უცნაურად გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას კონკრეტული პერსონების მიმართ.
-         თქვენ მგონი გიჟი არ ხართ, მისტერ.
-         მაოცებს თქვენი პროფესიონალიზმი, ექიმო.
-         დამცინით?
-         არა, რას ბრძანებთ, სრული სერიოზულობით ვამბობ, რამდენადაც ეს ჩემს მდგომარეობაში მყოფი კაცისთვის არის შესაძლებელი.
-         ხო, თქვენ ფსიქიკური არამდგრადობა დაგიდგინდათ, როგორც ვიცი.
-         ნამდვილად. უბრალოდ მომბეზრდა მდგრადობა და სტაბილურობა.
-         სტაბილურობა სასიამოვნო დაცულობის შეგრძნებას იწვევს, არ მგონია, მოსაბეზრებელი იყოს.
-         გასათხოვარი ქალის სიტყვებია. გამოვიცანი?
-        როგორც ყოველთვის, მართალი ხართ.
-         ხოდა, ჩემი რჩევა იქნება, ნუ მოძებნით „ქმარში“ ამ სტაბილურობას. გიყვარდეთ… მიეცით ნება შეგიყვარონ… იცხოვრეთ ერთად… იყავით ბედნიერი…
-         „იცხოვრეთ ერთად“? მგონი ახალი სიმპტომები გაგიჩნდათ – პრობლემა რეალობის აღქმასთან. ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველოში ვართ?
-         ოჰ… მემგონი თქვენ ჩემზე დიდი ხანია აქ ხართ…  ცხოვრება ნელა, მაგრამ მაინც იცვლება. ცოტა უნდა მოწყდეთ სამუშაოს.
-         არ გამოდის, ხომ ვამბობ, რთული პროფესია მაქვსთქო.
-         ნანობთ?
-         ჯერ არა.
-         არჩევანი და საშუალება რომ გქონოდათ, რას გააკეთებდით ამის მაგივრად.
-         ალბათ საკუთარ კაფეს გავხსნიდი, პატარა მყუდრო საჩაიეს.
-         მაგას არ ჭირდება ფინანსები, ფეისბუქზე შეგიძლიათ, რესტორანი გააკეთოთ.
-         მაქვს.
-         ხახვი გამომიგზავნეთ მაშინ, თუ ზედმეტი გექნებათ.
-         წიწაკაში ვცვლი მხოლოდ.
-         სამართლიანი ბარტერია, თანახმა ვარ.
-         სამართლიანობა ფრიად სუბიექტური რამაა.
-         სუბიექტურობა ნიჭია, იყო რაღაცის მიმართ ობიექტური, ნიშნავს, არ გაინტერესებდეს ეს რაღაც. ინტერესი ავტომატურად ბადებს გრძნობას, დადებითს ან უარყოფითს. რაც უკვე სუბიექტურს გვხდის.
-         ექიმის ვალია იყოს ობიექტური.
-         ცდებით, ექიმის ვალია, იყოს მართალი საკუთარ თავთან და კანონთან.
-         ხანდახან ამ ორს შორის არჩევანის გაკეთება ჭირს.
-         ყოველთვის აირჩიეთ საკუთარი თავი. უკიდურეს შემთხვევაში ციხიდან გამოსვლის შემდეგ სინდისის ქენჯნა არ შეგაწუხებთ. ეს ყველაზე დიდი სასჯელია.
-         არც ციხის იდეაა მომხიბვლელი.
-         ადამიანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე უწევს არჩევნის კეთება. ამიტომ წინასწარ უნდა შეემზადოთ.
-         შემზადებას არ აქვს აზრი. გამოუცდელი რამ სრულად ვერასდროს დაემთხვევა წარმოდგენილს.
-         შოკის დონე შედარებით დაბალი იქნება სამაგიეროდ.
-         ხანდხან ეგ დონეც საკმარისია ამ შენობაში მოსახვედრად.
-         ხედავთ?! ყველა გზა რომში მიდის.
-         რომამდე ცოტა გვაკლია, ჯერ თავისუფლების მოედანი უნდა ჩამოყალიბდეს პატარა ქალაქ-სახელმწიფოდ და პაპი დავსვათ იქ.
-         პაპის პრობლემა არ იქნება მგონი. მარტო ორს მე პირადად ვიცნობ, მესამე და მერვე პალატებში არიან.
-         ცდებით, მესამე პალატაში კარდინალია და ელოდება როდის მოკვდება მერვე პალატის პაციენტი.

ექთანმა გოგონამ შემოირბინა. ექიმს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და გავიდა.

-         ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა დაგტოვოთ. ოცდამესამეში ერთი მსახიობის თეატრს უნდა დავესწრო, შეპირებული ვარ.
-         რას დგამს?
-         ჰამლეტს.
-         ხოხ… და ვის როლს თამაშობს თვითონ?
-         ოფელიას.
-         მაშინ ბოლო სცენა განსაკუთრებით ბუნებრივად გამოუვა. კარგით, აღარ დაგაყოვნებთ, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი ექიმო.
-         ჩემთვისაც. ისე გაგვიმართლა, რომ სტომატოლოგი არ ვარ, თორე ალბათ პირგაღებულს დიალოგში ჩაბმა გაგიჭირდებოდათ. – ეს თქვა, პაციენტს გაუღიმა და პალატის თეთრ, მასიურ კარებში გაუჩინარდა.

დღე მესამე – Para no estar solo

21.06.2010. /ორშაბათი

12:30

სასჯელის აღსრულებამდე რამდენიმე საათი რჩებოდა. ის მარტო იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში. ჭერისთვის მიეპყრო მზერა, წამებს ითვლიდა წარმოსახვით ციფერბლატზე…  არ ნანობდა? ვინ იცის…

ერთი… ორი… სამი…
არ გაჩერდა წამი…

საკნის კარი გაიღო და დაბალი, ღიპიანი ბადრაგი გამოჩნდა.

- რამეს ხო არ მოითხოვთ? უკანასკნელ თხოვნას შეგისრულებენ.
- ჩემი ლეპტოპი შემომიტანეთ, თუ შეიძლება, მუსიკის მოსმენა მინდა.
- ზედამხედველს გადავცემ.
- მღვდელი ხომ არ მოგიყვანოთ?
- მიშველის? – გაეღიმა.
- არ ვიცი, ცადეთ.
- მადლობა, არაა საჭირო.

ხუთი… ექვსი… შვიდი…
უცნაურად მშვიდი…

ლეპტოპი შემოუტანეს. ახლა ნარზე ზის. მოცარტის რექვიემს უსმენს… თვალები დახუჭული აქვს. ეტყობა მობეზრდა ჭერში წამების თვლა. “სიკვდილიმისჯილის ტვინი თურმე ახლადდაყენებულ ვინდოუსს გაქვს. სუფთაა ისეთ ზედმეტი პროცესებისგან, როგორიც სამომავლო გეგმების დაწყობაა”… ოხ ეს პროფესიული აზროვნება…იცინის…

კამიუს “უცხო” ახსენდება… “ისღა დამრჩენია,  სასჯელის აღსურლებისას ბევრი მაყურებელი ვინატრო, რომ ჩემი ზიზღიანი ღრიალი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს”. მას კი სულ სხვა განწყობა ჰქონდა. ოდნავ მელანქოლიური. რაზე დარდობდა? ვინ იცის… არა იმაზე, რაც ელოდა, ალბათ უფრო იმაზე, რომ არ ჰქონდა საბაბი მხიარულად ყოფნის. ინდიფერენტულობა კი იმ ნულს გაქვს, რომელიც უფრო მინუსისკენ იხრება.

14:00

ციხის ზედამხედველმა მოინახულა, სასჯელის აღსრულების მეთოდი უნდა შეეთანხმებინათ.

- თქვენ რომელს მირჩევთ? – ისე ჰკითხა, თითქოს მის წინ გამყიდველი გოგონა იდგა და შეყვარებულისთვის საჩუქრის არჩევაში ეხმარებოდა.
- ინტრავენული მოწამვლა ყველაზე უმტკივნეული პროცესია.
- თანხმა ვარ.  – დაუფიქრებლად უპასუხა.

რვა… ცხრა… ათი…
ფისო, მომე თათი…

ის გოგო გაახსენდა, ალუბალს რომ ჰგავდა და წესით, ვანილის გემო რომ უნდა ჰქონოდა. ესპანეთი მოაგონა მან. ცხელი ზაფხული… მშვიდი და პატარა რიო ჰერმოსო.  გოგონა ნაწვიმარ გუბურას ჩაშტერებოდა.  რამდენიმე წუთი უყურა, მერე კი ვერ მოითმინა და დამტვრეული ესპანურით ჰკითხა:

-          ¿Qué estás viendo en, siniorita? (რას უყურებთ?)
-          A mí mismo… para no estar solo (ჩემს თავს… მარტო რომ არ ვიყო)

ლექსიც კი დაწერა მაშინ:

ის იჯდა მარტო…
სახლთან კიბეზე…
გაშლილი თმებით…
შემოსაზღვრული
უხილავი
დამღლელი
ხმებით…

ის იჯდა მარტო…
გახელილი
თვალები ფართო
იტევდა ცრემლის
უნაზეს ნამებს..
ის არ იყო თუმც იმ წამს მარტო
მაინც
ჯიუტად
ითვლიდა
წამებს…

ის იდგა მარტო…
აივანზე,
კარებში…
ხის ქვეშ…
დასალიერში
დასაკარგში
ეძებდა მისფერს…

ეძებდა თვალით…
ეძებდა სუნით…
ეძებდა სმენით…
და მაინც გრძნობდა
მარტოობას
აუწერელს
კაცთ მოდგმის ენით…

ის არ იყო
თუმც იმ წამს მარტო…
ის არ იყო იმ წამს ეული…
მაინც უღრღნიდა
მოცინარ გოგოს

გულს
მარტოობის
გრძნობა
ჩვეული…

ის დადიოდა
დილის ქუჩებზე…
საღამოს ფერად
ირთავდა სახეს…
მუდამ ღიმილი
ჰქონდა ტუჩებზე…
თავაწეული
ვერ ამჩნევდა
დაგებულ მახეს…

ის იჯდა მარტო…
სახლთან კიბეზე…
გაშლილი თმებით…
და იკავებდა
ცრემლის ნამებს
თავისი ნაზი
უმაკიაჟო
წამწამებით…

ცრემლი მოადგა თვალზე… მაგრამ ეს არ იყო არც დანანება, არც შიში… ეს თბილი მოგონების ცრემლები იყო…

14:50

ისევ ბადრაგმა შემოაღო კარი. აცნობა, კიდევ ერთი საათი გაქვს და მოემზადეო. მეორედ შესთავაზა მღვდელს შემოგიყვანთო, მაგრამ ამჯერადაც უარი მიიღო.

ჯარეტი უკრავდა სიკვდილმისჯილთა საკანში. სულაც არ ჩქარობდა… კლავიშის კვნესა ავსებდა შეგუბებულ ჰაერს. „თუკი რეინკარნაციის შანსი მექნა, მე მუსიკად მოვალ…“.  იდეა მოეწონა, წარმოიდგინა კიდეც, როგორ გადაუვლიდა თავს სავსე დარბაზს, მივიდოდა თითოეულ მსმენელამდე და ყურის გავლით გულამდე ჩააღწევდა, ხელით შეეხებოდა მათ გრძნობებს.

ახალი ტანსაცმელი შემოუტანეს. სწრაფად გამოიცვალა,

15:50

ოთხი… სამი… ორი…
„საპატიო“ კორიდორი.

დერეფნის ორივე მხარეს ციხის ბადრაგი ჩამწკრივებულა. ყველა დაძაბულია. ნებისმიერი რამ არის მოსალოდნელი სიკვდილმისჯილისგან. თვითმკვლელობაც კი.

ის კი საოცრად მშვიდი ჩანდა… არც კი ღელავდა.  ცოტას ფიქრობდა… სულ ცოტას… მოგონებებში გადავარდნილი ახლაც რიო ჰერმოსოს ქუჩებში მიაბიჯებდა, ცხადად ხედავდა ძველებური სახლების აივანზე გამოფენილ ყვავილების ქოთნებს,  წიწაკის აცმებს…

ამ დროს ზედამხედველმა გამოაფხიზლა. დაბრძანდითო, ზრდილობიანად სთხოვა და სტომატოლოგის სკამის მსგავს მოწყობილობაზე მიუთითა. სასაცილოდ ჟღერს ზრდილობიანი „დაბრძანდით“ ასეთ დროს.

16:00

ის უკვე აღარ ითვლიდა წამებს…  იწვა და ჭერს უყურებდა. მის თავზე სარკე დაემაგრებინათ.  ხედავდა თავის გამოსახულებას,  „გამვხდარვარ“ – გაიფიქრა. ბოლო რაც დაინახა,  სევდიანი, ოდნავ მომღიმარი სახე იყო… ჭერის სარკეში.  ვენები უკვე ევსებოდა ცივი, უსიამოვნო სითხით.

ციხის დერეფანში საოცრად მელოდიურმა მუსიკამ გაიჟღერა… შემდეგ კი გაქრა.

***

ამ დროს „მაყურებელათა“ რიგებში უცნობი ქალი მოუსვენარი გამომეტყველებით ადევნებდა სასჯელის აღსრულების პროცესს თვალს.

- შეგიძლიათ, მითხრათ რა საწამლავი გაუკეთეს პატიმარს? – ჰკითხა მან გვერდით მჯდომ  ციხის ექიმს.
- სამის სახის საწამლავია, დაცული თანმიმდევრობით. პირველი Sodium Thiopental შეყავთ –  სწრაფი ანესთეტიკი. რამდენიმე წამის შემდეგ პიროვნება გონებას კარგავს. შემდეგ Pancuronium – ძლიერმოქმედი ნივთიერება კუნთების მოსადუნებლად,  ბოლოს კი Potassium Chloride, რომელიც გულს აჩერებს.
- მმ… გასაგებია… შეგიძლიათ მითხრათ, ჭერზე სარკე რატომ არის?
- სიკვდილმისჯილისთვის.
- ???
- Para no estar solo, seniorita… – თავისთვის ჩაილაპარაკა ექიმმა და დარბაზიდან გავიდა.